„კრისტინ ლაგარდის ვიზიტი დასტურია იმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სისტემური ეკონომიკის მქონე, ისე პატარა ქვეყნებს"

საქართველოს ხელისუფლების სახელით მსურს მადლობა გადავუხადო მას, რომ მოახერხა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დაგეგმვა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდთან ერთად, სტუდენტებთან შეხვედრამდე განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, კრისტინ ლაგარდის ვიზიტი იმის დასტურია, რომ სსფ სისტემური ეკონომიკის მქონე და მცირე ქვეყნებს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველი ვიზიტია საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების სახელით მსურს მადლობა გადავუხადო მას, რომ მოახერხა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დაგეგმვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სისტემური ეკონომიკის, ისე ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა,"-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდებიან.

კრისტინ ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 19-21 მაისს მოიცავს, დაგეგმილია სსფ-ის მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.

ამასთან, დღეს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძისა და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

დღესვე 17:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ტექნოპარკი), საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდებიან.