ბოლო თაობები იმ პირობებში ცხოვრობენ, როდესაც საქართველო დიდ ტრანსფორმაციას განიცდის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ქართველს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კრისტინ ლაგარდმა ასევე მხარდაჭერა გამოთქვა იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც საქართველო ახორციელებს და აღნიშნა, რომ ეს რეფორმები ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
„ეკონომიკა გადადის გეგმური ეკონომიკიდან ახალ ეკონომიკაში. აქ გამოიკვეთა ტურიზმი. ამითაც თქვენ გამორჩეული ხართ, იმიტომ, რომ ტურისტული მიმზიდველობის კარგი ცენტრები გაქვთ, ვაჭრობა იზრდება, იქმნება მსოფლიოში ყველაზე კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო ქვეყანაში. ეს ტრანსფორმაცია არის იმ მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგი, რაც საქართველოში შეინიშნება. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში, რომ გახსნილობა ქმნის სისუსტეებსაც და სისუსტე ნებისმიერი ეკონომიკური ტენდენციის ფარგლებში, მათ შორის შოკებისთვის, არის დამაზიანებელი, მტკივნეული და ეს ჩვენ ფინანსური კრიზისების პერიოდში განგვიცდია. ზუსტად ამიტომ ახორციელებს საქართველო იმ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს ეკონომიკას, გამძლეობას შოკების მიმართ და აი, ამ ეკონომიკურ ტენდენციებს აუწყობს ფეხს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ რეფორმებს. იმ რეფორმებს, რომლებმაც საქართველო კონკრეტული მიზნებისკენ უნდა მიიყვანოს და საქართველოს მოსახლეობას შვება მისცეს.
ჩვენ გვესმის, რომ გრძელვადიანი მიზნები გულისხმობს ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას, საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის სრული პოტენციალის გახსნას“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.