საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რაოდენობა ისევ შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით შემცირდა და 955.4 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით1.9 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლნ სულს მიაღწია. ღორის რაოდენობა 174.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინაწლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობამ 8.0 მლნ ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2014-2019 წლების I კვარტალის ბოლოსათვის:
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 101.9 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია.