ზამთარში კურორტი "გოდერძი" გაიხსნება

ზამთრის სეზონზე გაიხსნება კურორტი "გოდერძი", სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა გუშინ აჭარლებს შუამთობის სახალხო დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.

"მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა მთლიანი აჭარის მკვიდრებისადმი მთის ერთგულებისთვის. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს მთიანი რეგიონია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემოდგომას მივიღებთ მთის კანონს, ვინაიდან ეს არის მართლაც გადაუდებელი საქმე მთის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მთაში ცხოვრობთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა მუშაობს, რათა მთიანი აჭარის ყველა სოფელს მიეწოდებოდეს ელექტროენერგია და უშუქოდ არ დარჩეს არც ერთი ოჯახი. ის მოსახლეობას ასევე დაჰპირდა, რომ არ იქნება სოფლებში მისასვლელი გზების პრობლემა და ყველა გზა იქნება გამართული.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის იწყება სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა. რაც შეეხება სკოლებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, არც ერთი სკოლის დახურვა არ იგეგმება ზემო აჭარაში, მიუხედავად იმისა, რამდენი ბავშვი სწავლობს ამა თუ იმ სოფელში.