როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაზე სამეწარმეო საქმიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეს არის სწორედ ის წესრიგი, რომელსაც ქალბატონი ლაგარდი ამკვიდრებს ყველგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთასორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ მიაღწია, საერთაშორისო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა უკვე ძალიან დიდი ხანია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალბატონი ლაგარდი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, სწორედ ამ პერიოდში გახდა ჩვენსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის განსაკუთრებით ნაყოფიერი და პროდუქტიული. მას მინდა მადლობა გადავუხადო. ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში ჩამომიყალიბდა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობები და დღევანდელი მისი ვიზიტიც გახლავთ მკაფიო გამოხატულება, რომელიც აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვახორციელებთ ერთობლივად. იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ მიაღწია სხვადასხვა ტიპის რეფორმებით, იმ ტრანსფორმაციაში, რასაც ჩვენი ქვეყანა განიცდის, ამაში საერთაშორისო ფონდის წევლილი არის ძალიან მაღალი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ისეთ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაზე სამეწარმეო საქმიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეს არის სწორედ ის წესრიგი, რომელსაც ქალბატონი ლაგარდი ამკვიდრებს ყველგან და მსურს მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბახტაძემ.