წყლების გაყიდვა 10-ჯერ გაიზარდა, პურის კი 2-ჯერ შემცირდა

”მოთხოვნის ზრდას ფასების ცვლილება არ გამოუწვევია”

ზაფხულის ცხელი დღეები ხელს უწყობს გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ზოგ პროდუქციაზე კი, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისელებისთვის ზაფხული დასვენებასა და ქალაქიდან გასვლასთან ასოცირდება, მოთხოვნა მცირდება.

იმის გასარკვევად, თუ რომელ პროდუქციაზე გაიზარდა ან შემცირდა მოთხოვნა და რამდენად აისახება ეს ფასებზე, bpn.ge თბილისის მარკეტების წარმომადგენლებს ესაუბრა.

როგორც bpn-თან საუბრისას მცირე და მსხვილი მარკეტების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მარკეტებში მოთხოვნა ძირითადად ნაყინსა და კოკა-კოლაზე გაიზარდა. კარგად იყიდება სხვა სასმელებიც, განსაკუთრებით კი წყალი, რომელზე მოთხოვნაც 10-ჯერ გაზრდილია. თუმცა როგორც მარკეტის წარმომადგენლები განმარტავენ, მოთხოვნის ზრდას ფასების ცვლილება არ გამოუწვევია.

მათივე ინფორმაციით, მოთხოვნა შემცირდა ზოგიერთ პროდუქტზე. მაგალითად, როგორც მარკეტების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, პურზე მოთხოვნა 2-ჯერ არის შემცირებული.