ტრამპი, ირანი, OPEC და ნავთობის ფასი

ნავთობის ბაზარზე ახალი კვირა რყევებით დაიწყო. ირანსა და აშშ-ს შორის, ტვიტერზე გამართული მუქარების შემცველი მიმოწერა, ბაზარზე გაურკვევლობას ზრდის. ეს იმ დროს, როცა ახლოვდება OPEC-ის ივნისის სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, გაგრძელდება, თუ არა ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა.

ამის ფონზე, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი სულ რაღაც, 0.01%-ით, 72.22 დოლარამდე გაიზარდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა კი 0.2%-ით, 62.82 დოლარამდე დაიკლო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: „თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს მის ოფიციალურ დასასრულამდე მიიყვანს. შეერთებულ შტატებს აღარასდროს დაემუქროთ!“. ამაზე ირანის საგარეო მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა უპასუხა, რომ ტრამპმა თავი უნდა დაანებოს ტვიტერით „გენოციდურ შეურაცხყოფას“ და მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.

ამასობაში, საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში არის თანხმობა იმაზე, რომ საჭიროა მსოფლიოში არსებული მარაგების შემცირება და ამის მისაღწევად, მიწოდების შეზღუდვა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ, ამის წინააღმდეგია რუსეთი, რომელიც მიწოდების შეზღუდვის შეთანხმებაში მონაწილეობს. რუსეთს არ სურს ამ შეზღუდვის გაგრძელება. მისმა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდერ ნოვაკმა განაცხადა, რომ შეთანხმების მონაწილეები, კვლავაც სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

ცნობისათვის, OPEC და მისი არაწევრი მსხვილი ექსპორტიორები შეთანხმებულები არიან, რომ იანვრიდან ბაზარზე დღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით შეიზღუდოს.

და კიდევ, რუსული ნავთობსადენები დაბინძურებულია და ამ პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. ამის გამო, ევროპის ორმა დიდმა კომპანიამ, რუსული მიმწოდებელი კომპანიებისთვის ფულის გადარიცხვა შეაჩერა.