საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მათი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციების ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება უნდა გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისთვის მისი გაცნობისთანავე,“- აღნიშნულია განკარგულებაში.
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტში - 61 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 21 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 59 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა, ამ ჩამონათვალში ჯერ კიდევ არ არის ასახული შპს „მიკრო ინვესტის“ გაუქმება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, რეალურად 58 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 14-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.