ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით, ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს როგორც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები, ისე ქვეყანაში შემცირებული პირდაპირი ინვესტიციები.
ეკონომიკის ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. აკაკი ცომაიას თქმით, გამოსავალი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაშია.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, მინიმუმზეა დასული და მცირდება უცხოური ინვესტიციები, რაც ცხადია, არის ლარის გაუფასურების მიზეზი, მათ შორის, სავაჭრო პარტიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ბუნებრივია, გავლენას ახდენს. როცა ლირა უფასურდება, ინვესტორებს მოლოდინი აქვთ, რომ ლარიც გაუფასურდება და შესაბამისად, ხდება ლარის მოშორება და გარე ვალუტის დაგროვება. საერთო ჯამში, გაუფასურების ეს ტენდენცია, ამ პერიოდში, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონი იწყება ნიშნავს იმას, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლებია, ვიდერე უცხოური ვალუტის გადინება, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. გამოსავალი ყოველთვის არის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ გააჩნია. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეიცვლება. თუ ეს, ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, ეკონომიკური დაღმავლობის გზაზეა. ანუ ეკონომიკა თავისი ინერციით ვითარდება და ეს ინერცია უნდა შეიცვალოს. ინერციის შეცვლა კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ისეთი ტიპის სამუშაო ადგილები, რომელიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და გარკვეული სპეციფიკური მიმართულებებით შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას და წარმოებას, შემდეგ კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს. ამას სჭირდება შესაბამის რესურსი, შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ამის შესაძლებლობა და ცოდნა. ეს კი პირველ რიგში, უცხოური ინვესტიციებია, რომელიც ქვეყანაში მცირდება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.