"რეგიონების თანაბარი განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სიღარიბის დაძლევაში ეფექტურები ვიყოთ"

სამწუხაროდ, არასწორად წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მოგვცა სერიოზული ჩამორჩენა გარკვეული რეგიონების, რომელიც ძალიან მძიმედ აისახა სოციალურ ფონზე, აქედან გამომდინარე, რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის განვითრება მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პრიორიტეტია. ამასთან, პრემიერმა ისაუბრა განათლებაზე, როგორც ეროვნული მნიშვნელობის იდეაზე.

„ქუთაისში დავათვალიერეთ ახლად რეაბილიტირებული 33-ე სკოლა. ამ სკოლის რეაბილიტაციაში მონაწილეობა მიიღო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“. ამისათვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. სკოლები განათლება, ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა, ჩვენთვის ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენ, დაახლოებით შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიციები დაგვჭირდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ საქართველოში ყველგან, ყველა კუთხეში, ყველა დასახლებულ პუნქტში გვქონდეს უმაღლესი კატეგორიის და სტანდარტის სკოლები, ისეთი, როგორიც მაგალითად, დღეს არის 33-ე სკოლა ქუთაისში.

წყალტუბოში ვესწრებით ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს. თვითმმართველობის განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტი. მე, დღეს, სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. რეგიონების თანაბარი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტურები სიღარიბის დაძლევაში. სამწუხაროდ, არასწორად წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მოგვცა სერიოზული ჩამორჩენა გარკვეული რეგიონების, რომელიც ძალიან მძიმედ აისახა სოციალურ ფონზე, აქედან გამომდინარე, რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და აქ, ბუნებრივია, თვითმმართველობის შესახებ რეფორმას ექნება გადამწყვეტი როლი. მოგეხსენებათ, რომ შარშან, 2018 წლის გაზაფხულზე, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა და ერთგული ვართ ამ ხედვის, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბოთ, ძლიერი თითმმართველი ორგანოები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.