ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროკავშირის ყველა დახმარება, რათა მოვამზადოთ ჩვენი ბიზნესები, რომ ისინი კონკურენტულები გახდნენ ევროპის ბაზარზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალის შეფასებისას, რომელიც 21 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. მინისტერიალის ჩატარების ინიციატივა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს სესილია მალმსტრომს ეკუთვნოდა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ხარისხის თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და საქართველოში ადგილობრივი ლაბორატორიების განვითარებაზე. „ევროკავშირი მზადაა, დაგვეხმაროს და გამოგვიყოს ფინანსური დახმარება. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ადგილობრივი ლაბორატორიებისთვის, რათა ხარისხთან დაკავშირებული ტესტები ადგილზე შემოწმდეს და მათი უცხოეთში გადაგზავნის საჭიროება აღარ იყოს. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენი ბიზნესებისთვის, რათა შემდეგ გაიზარდოს ექსპორტი და გაიზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების რიგით მესამე არაფორმალურ მინისტერიალი 2020 წელს საქართველოში გაიმართება.