ბინის ყიდვის მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად ბანკების მხრიდან გართულებული სესხის გაცემა დასახელდა.
„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის“ ცნობით, აღნიშნული მიზეზი ბინის მყიდველთა 38%-მა დაასახელა.
„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ბინის შეძენასთან დაკავშირებული საბანკო რეგულაციების შესახებ, თბილისის მასშტაბით, 400 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის მონაწილეები არიან ადამიანები, რომელთაც ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვთ ბინა შეძენილი ან/და უახლოეს 1 წელში აპირებენ ბინის შეძენას.
კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას - 69%-ს, სესხების გაცემისთვის არსებული საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, 31%-ს კი ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. იმ პირთა უმეტესობას - 70%-ს, ვისაც საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, ბინა ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვს შეძენილი, დაახლოებით იგივე რაოდენობა - 71% კი (კვლავ) გეგმავს ბინის ყიდვას.
„რესპონდენტებმა, რომლებსაც ახალი საბანკო რეგულაციების შესახებ სმენიათ, დეტალურად დაასახელეს საბანკო რეგულაციების ამოქმედებისგან გამოწვეული გართულებები. რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი - 34% ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებით, მათთვის არაფერი არ გართულებულა. გამოკითხულთა მხრიდან მთავარ დაბრკოლებად სესხების გართულებული გაცემა დასახელდა (38%). რესპონდენტების მიერ დასახელებულ სხვა დაბრკოლებებს შორისაა: დოლარის კურსის აწევის გამო გაძვირებული სესხები (8%), სესხის ლიმიტის შემცირება (4%), მაღალი შემოსავლის მოთხოვნა (4%) და სხვ.