2018 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 161 480 ლარი შეადგინა, ამ შემოსავლის 55% მიღებულია სტატისტიკური ინფორმაციის გაყიდვიდან, დანარჩენი კი სხვადასხვა დამკვეთისთვის ჩატარებული კვლევებიდან, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქსტატის“ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„საქსტატის“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, „საქსტატმა“ გასულ წელს სტატისტიკური ინფორმაციის გაყიდვის შედეგად, დაახლოებით 90 000 ლარის შემოსავალი მიიღო.
მისივე თქმით, გასულ წელს „საქსტატის“ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 2017 წელთან შედარებით 4-ჯერ შემცირდა.
გოგიტა თოდრაძემ „საქსტატის“ ბიუჯეტის მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ წელს ბიუჯეტის შესრულებამ გეგმასთან მიმართებაში 97% შეადგინა.
„საქსტატის“ დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 8 500 000 ლარს, გრანტების გეგმა - 1 154 053 ლარს, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტის ხარჯების გეგმა - 187 787 ლარს. შესაბამისად, 2018 წლის საქსტატის შემოსავლების გეგმა სულ განისაზღვრა 9.8 მლნ ლარით. ბიუჯეტის შესრულებამ კი გეგმის 97% შეადგინა,“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.