სესხი ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის და ხელოსნებისთვის - ახალი საბანკო პროდუქტი, რომელიც რეგულაციების შემდეგ შეიქმნა

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე ახალი საკრედიტო პროდუქტები გამოჩნდა. მათ შორის „ფინკა ბანკი“ მომხმარებლებს უკვე სთავაზობს ახალ პროდუქტებს - „სესხი ძიძებისთვის“, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის და ხელოსნებისთვის. როგორც ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის კრედიტი მათთვის, ვინც დასაქმებულია, აქვს შემოსავალი, თუმცა, ამის დადასტურება ოფიციალურად უჭირთ.

როგორც „ფინკა ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ირაკლი აბაშიძე აცხადებს, ამ ტიპის სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტის მიერ პირის შემოსავლის შესწავლა ხდება.

„შევქმენით ახალი საკრედიტო პროდუქტები იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც აქვთ შემოსავალი, მაგრამ დოკუმენტურად მის დადასტურებას ვერ ახდენენ, რის გამოც ვერ იღებენ სესხს და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსების მოძიება. ამ ყველაფრის დამუშავება, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად მოხდა. მათი მხრიდან გვქონდა დასტური და სწორედ, ამის შემდეგ გამოვიტანეთ ახალი საკრედიტო პროდუქტები ბაზარზე. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი არ არის დარღვეული და სესხის გაცემამდე ხდება კლიენტის შემოსავლის შესწავლა. მაგალითად, თუ სესხის აღების განაცხადით მოგვმართავს ტაქსის მძღოლი, ჩვენი ოფიცერი ნახულობს მის ავტომობილს, შემოსავლებს ანუ მასთან ერთად ითვლის შემოსავლებს, ახდენს ამის დეკლარირებას და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროცესი დროში გაწელილი არ არის და ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად ხდება,“-აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

თაია არდოტელი