იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

იაპონიამ რუსეთს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, იაპონიის ახალი სანქციების სიაში 40 ფიზიკური პირი და ორი კომპანია – ყირიმის "ჩერნომორნეფტგაზი" და "ფეოდოსია" მოხვდნენ.

ამასთან, იაპონიის სანქციების სიაში მოხვდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ასევე ოკუპირებული ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსენოვი და სეპარატისტთა ლიდერები.

"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, იაპონიის სანქციები სიაში მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს. სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა.

ამასთან, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო იაპონიამ მარტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, აპრილში კი 23 რუსი მაღალჩინოსნისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე განაცხადა.