3 მილიონი გურიის გამოსაცოცხლებლად

”ვაზს რომელ გლეხსაც დავურიგებთ, სწორედ მისგან უნდა შევიძინოთ ყურძენი”

რამდენიმე თვეში ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში ტურისტული ცენტრი გაიხსნება, რომელსაც კომპანია ”კახური ტრადიციული მეღვინეობა” აშენებს. "როიალ ასკანა" - ასე ”მონათლეს” პროექტის ავტორებმა კომპლექსი, რომლის მშენებლობაც 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. როგორც ბპნ-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ უთხრა, ამ ობიექტის მშენებლობაში კომპანია თავდაპირველად სამი მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ეს იქნება ტურისტული კომპლექსი, რომელიც ხელს შეუწყობს ენოტურიზმის განვითარებას არა მხოლოდ ასკანასა და ოზურგეთში, არამედ მთელ გურიის რეგიონში. ცნობილია, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სწორედ ენოტურიზმს ირჩევს გართობისა და დასვენების საუკეთესო საშუალებად. ენოტურიზმის მოყვარულებს მარტო ღვინის დაწურვა, ან მისი დეგუსტაციის ყურება კი არ მოსწონთ, არამედ ვენახების დათვალიერება, ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისა და ღვინის დაწურვის ტრადიციის გაცნობა და ყველაფერი, რაც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას ღვინის ტურიზმის ფართო პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს.

კომპანია ”კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” გადაწყვიტა, ეს პოტენციალი უფრო აქტიურად გამოიყენოს. კომპანიის ხელმძღვანელი, ზურაბ ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ”როიალ ასკანას” ამოქმედება ამ გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება:

-ბატონო ზურაბ, უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ”როიალ ასკანას” შესახებ - რით იქნება ის გამორჩეული, რა გეგმები გაქვთ ახალ ტურისტულ ცენტრთან დაკავშირებით?

- ეს პროექტი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ჰიბრიდული ტიპისაა: ასკანაში იქნება ყურძნის გადამამუშავებელი მარანი, სადაც ღვინო გურიაში გავრცელებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან დაიწურება. იქვე განთავსდება სასტუმრო, გაიმართება გურული და აჭარული ტრადიციული ყურძნისაგან დაყენებული ღვინის დეგუსტაცია, მეღვინეთა შეკრებები, ღვინის ტურები და ა.შ... ერთი სიტყვით, ”როიალ ასკანა” უშუალო კავშირში იქნება ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობასთან - მეღვინეობასთან. სასტუმრო გათვლილი იქნება საშუალო და მაღალ სეგმენტზე. ეს იქნება მაღალი კლასის სასტუმრო, სადაც ყველა სტუმარს სანიმუშო კომფორტი და ასევე სანიმუშო მომსახურება უნდა შევთავაზოთ. აქცენტი გაკეთდება ენოტურიზმის განვითარებაზე და ამაზე იქნება მიბმული ველური ბუნების გაცნობა აჭარისა და გურიის მთებში. არიან მსურველები, რომლებსაც უყვართ მთები და იქ სხვადასხვა საშუალებით გადაადგილება მოსწონთ. ამ საშუალებებს შორის იქნება ვერტმფრენით ბახმაროს მთებში ასვლა, რაც ასკანიდან 15 წუთში შეიძლება. ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ გვაქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ძალზედ საინტერესო და მიმზიდველი პროექტია.

- როდის შეძლებთ თქვენი ჩანაფიქრის სრულად განხორციელებას?

-პროექტის დასრულებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, რადგან იქ საკმაოდ რთული და სკრუპულოზური სამუშაოებია ჩასატარებელი. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოს უკვე შევძლებთ მის გახსნას. პროექტი უკვე მოიწონა და მიიღო მთავრობამ. რაიონის მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია წყლის პრობლემა აწუხებს, ოთხ სოფელში უკვე დაიწყეს წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, რომ ამან ჩვენი გეგმების განხორციელებას ხელი არ შეუშალოს. გეგმები კი საკმაოდ გვაქვს: გადაწყვეტილი გვაქვს იქვე, ტურისტულ ცენტრში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო, შამპანური და ქართული კონიაკი. როგორც გითხარით, ეს იქნება კომპლექსური პროექტი, სადაც ხელით, ტრადიციული წესით დაიწურება ღვინო და სტუმრებს საშუალება ექნებათ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს ენოტურიზმის განვითარებას გურიის მხარეში, ამავე დროს, ადგილობრივი ჯიშების გამრავლებასა და აღდგენას. ყველაფერს თავს მოვუყრით მუზეუმში, სადაც დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების გამოფენა მოეწყობა, ეს მუზეუმიც ასკანაში იქნება. სხვათა შორის, ამ მხარეში ჩვენ უკვე დავარიგეთ 10 ათასი ძირი ჩხავერისა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზი, ხოლო ოქტომბერში დაახლოებით 70 ათას ვაზის ნერგს დავარიგებთ, ეს იქნება იშვიათი, უკვე მივიწყებული ჯიშები. ვალდებულებას ვიღებთ, რომ ვაზს რომელ გლეხსაც დავურიგებთ, სწორედ მისგან უნდა შევიძინოთ ყურძენი, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტი შემოსავალი გაუჩნდეს.

- რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც გურია და სოფელი ასკანა?

- მამაჩემი წარმოშობით გურიიდანაა და ჩვენ დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. სხვათა შორის, დასავლეთ საქართველოში მე არ მეგულება ამ ტიპის პროექტი. იმის მიხედვით, თუ რამდენად გაამართლებს ეს პროექტი ჩვენს მოლოდინებს, მერე უფრო მეტი რამის დაგეგმვაც შეიძლება. თუ გვინდა უცხოელი ტურისტები რაღაცით დავაინტერესოთ, გამორჩეული და საინტერესო პროექტები უნდა შევთავაზოთ. მით უმეტეს, ”როიალ ასკანას” მსგავსი პროექტები ფართოდ გავრცელებული და მიღებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამგვარ ტურისტულ ცენტრებში ადგილები წინასწარ იჯავშნება და მათ თავისი, გამორჩეული სტუმრები და მომხმარებლები ჰყავს. მიმაჩნია, რომ გურიას ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი პროექტი რეგიონს უფრო ცნობადს გახდის და ქართული ღვინით დაინტერესებულ არაერთ სტუმარს მოიზიდავს. ყველამ იცის, რომ კახეთი ღვინის წარმოების ტრადიციული, დიდი რეგიონია, მაგრამ გურია ამ მხრივ ნაკლებად არის ცნობილი. ბევრმა არ იცის, რომ გურიაში ოდითგანვე ხარობდა უნიკალური ვაზის ჯიშები, რომელთაგანაც საუკეთესო ღვინის დაწურვა შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ღვინის წარმოების ქართული ტრადიციები უფრო ცნობილი უნდა გახდეს მთელი მსოფლიოსათვის. რა თქმა უნდა, ჯერ ბევრი რამ ჩამოუყალიბებელი გვაქვს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით: ჩვენი პროექტის განუყოფელი ნაწილი იქნება კურორტი ბახმარო. ვინც ბახმაროში ერთხელ მაინც ყოფილა, დამეთანხმება, რომ ეს მრავალმხრივ გამორჩეული და უნიკალური ადგილია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის და იმ პაციენტებისთვის, ვისაც ფილტვებისა და სასუნთქი გზების პრობლემები აქვს. ამავე დროს, ბახმაროს სტუმრებს იქ დაუვიწყარი სილამაზის ბუნება ხვდებათ, ვფიქრობ, რომ ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე