„ბილაინის“ მხარდაჭერით, ნებისმიერ მსურველს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლების შესაძლებლობა ექნება

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერული პროგრამირება ქართულ ენაზე ისწავლოს.

აღნიშნულის შესახებ კომპანიიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი რესურსი განთავსებულია ონლაინ და სრულიად უფასოა. პროგრამირების გაკვეთილები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ისე სტუდენტებზე და ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ვისაც პროგრამირების საფუძვლების შესწვლა სურს.

„პროექტი განახორციელა საგანმანათლებლო ფონდმა Educare Georgia, რომლის მიზანია მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. მოცემული პროექტი გულისხმობდა „ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების ონლაინ გაკვეთილების გაქართულებას. „ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელზეც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო სხვადასხვა საგანში, ინგლისურ ენაზე. იმისთვის, რომ ქართველ მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ პლატფორმის ათვისება, Educare Georgia მის გაქართულებას და ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებას ახდენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადღეისოდ, პროგრამირების სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამასთან, ამ სპეციალობის უპირატესობა ისიც არის, რომ ადამიანს არ ჭირდება ფიზიკური დისლოკაცია და დისტანციურად შეუძლია მოემსახუროს და ემუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ დამკვეთს.

„ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია: https://ka.khanacademy.org/ და YouTube- ზე: https://bit.ly/2pmdg4K (Khan Academy Georgian).