არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, მაგრამ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილები და გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას 2020 წლისთვის გაზრდის.
"ჩვენ გვაქვს უნიკალური ბუნება და ვფიქრობ, საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, ჰქონდეს წარმატებული მწვანე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობაში ეს უნდა გადავთარგმნოთ ორგანულ წარმოებაზე, ე.წ. ბიოწარმოებაზე. ჩვენ უნდა გავყიდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აგროპროდუქცია. ამას სჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური გზით", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, მევენახეობის მხრივ გაწეულმა მხარდაჭერამ არ დააყოვნა და გასულ წელს, ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს მეწარმეებმა.
"არ შემიძლია არ შევეხო რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდამჭერებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართ, რომელიც ან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით არის ერთგვარი სუბსიდია. მაქვს ძალიან მარტივი პასუხი. შარშან ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა ექსპორტმა სოფლის მეურნეობის პროდუქტის, ასევე შარშან კახეთში, ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი. მევენახეობას იცით, რომ ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა",- განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში სუბსიდია აუცილებელია.
"მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერცერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები სოფლის მეურნეობის დარგში. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, პირიქით, ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არაეფექტური იყოს, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილები, დოვლათი და გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ და ლევანს {სოფლის მეურნეობის მინისტრი} აქვს დავალება, რომ რებიუჯეტირების დროს, წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე",- განაცხადა პრემიერმა.