პროექტში ცვლილებების შეტანაზე დეტალურად ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ გულისხმობს გადავადებას, ჩვენ სტრატეგიულ ხაზს არ გადავუხვევთ, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებს პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
კითხვაზე, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტში, მინისტრი განმარტავს, რომ გადავადება ან სტრატეგიული ხაზის შეცვლა არ განიხილება და ამასთან, საბოლოო ცვლილებების პაკეტი მალე იქნება მზად.
"კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ საქართველო გადადის ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებაზე, მაგრამ საჭიროა გარკვეული ტექნიკური დაზუსტებები და რეგლამენტში მითითებული სტანდარტის დეტალების აღწერა. ჩვენ ეს სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდი გაგვიგრძელდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ასახავდეს ყველა საჭირო დეტალს. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც ყურადღებით უნდა განხორციელება. ვმუშაობთ კერძო სექტორთანაც, საბოლოო ცვლილებების პაკეტს მალე წარვადგენთ", -აცხადებს მინისტრი.
ამასთან, როგორც მინისტრი განმარტავს, არის განწყობა, რომ პლასტიკის პარკების ექსპორტი დაშვებული იყოს, ასევე ქვეყანაში არის ლაბორატორიული შემოწმების რესურსი.
"არის განწყობა, რომ ექსპორტი დავუშვათ, მაგრამ პოლიეთილენის პარკები საქართველოში არ უნდა გაიყიდოს. რაც შეეხება ლაბორატორიებს, გარკვეული ლაბორატორიული შესაძლებლობები პლასტიკის მიკვლევადობის კუთხით ქვეყანაში დღესაც არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ კანონის აღსრულება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.