კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, ამ ეტაპზე, 1200-ზე მეტი შეტყობინება არის შესული და ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. დაზარალებულ სოფლებში ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები გაეცნენ.

სააგენტოს დირექტორის თქმით, აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე -70%, ხოლო ვაზზე-50%-ია. უწყების ცნობით, აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

სამინისტროს ცნობით, 2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში 6,737 პოლისია გაცემული და პროექტში 3,582 ბენეფიციარია ჩართული. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ კი 3,568,646 ლარი შეადგინა. ამასთან, დაზღვეულია 6,982 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 71,978,204 ლარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.