ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ძალიან ბევრი კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ მიიღონ ინსპექტირების სერვისი, - ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის“ პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტექინსპექტირების რეფორმას ასევე მენეჯმენტის ნაწილში აქვს სერიოზული პრობლემები, რადგან დღემდე არ არის დანიშნული აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი.
„ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ხულო, ადიგენი, ასპინძა, თიანეთი, მესტია, ცაგერი, ლენტეხი. როდესაც ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა ინტერესთა გამოხატვას, რომლის მთავარი მიზანი იყო, ყველა რაიონში გეოგრაფიულად ყოფილიყო ხელმისაწვდომი ეს სერვისი და არ შექმნილიყო ამ თვალსაზრისით პრობლემა. ადამიანებს, არ უნდა უწევდეთ ძალიან ბევრი კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ მიიღონ ინსპექტირების სერვისი“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
დავით მესხიშვილი მოუწოდებს ეკონომიკის მინისტრს, უშუალოდ ჩაერთოს პროცესში და პირადად დაინტერესდეს, რადგან რეფორმაში არსებობს რეალური პრობლემები.
„პროცესი, რომელსაც ჩვენც დავუჭირეთ მხარი და ახლაც ვუჭერთ მხარს და ასევე ვალდებულება გვაქვს აღებული ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, არის დარტყმის ქვეშ, რადგან მენეჯმენტის ნაწილში გვაქვს სერიოზული პრობლემები. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც რეფორმა ახლახანს არის დაწყებული, აკრედიტაციის სააგენტოში დღემდე არ არის დანიშნული დირექტორი. ანუ, რეფორმა, რომელიც ეხება მილიონ ორასი ათასამდე ავტომობილს (ავტომფლობელს), ამ დროს არ არის დანიშნული აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი. ჩვენ მივმართავთ ეკონომიკის მინისტრს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ საჭიროა მისი უშუალო ჩართულობა პროცესში. მოვუწოდებთ მინისტრს, პირადად დაინტერესდეს, რადგან ამ რეფორმაში არსებობს პრობლემები, რომლებიც საჭიროებს გადაჭრას,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.