„რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ილუზიაში ყოფნა, რომ ჩვენ გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა. არ არის ეს ასე“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, უმუშვრობის დათვლის არსებული მეთოდოლოგიით თავს ვიტყუებთ.

ამის შესახებ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში სწორი ნაბიჯებით ვერ ვითარდება, რადგან როცა არასწორი სურათი გაქვს, არასწორად იგეგმები.

წამყვანის კითხავზე, რას ვაკეთებთ უმუშევრობის დათვლის მექანიზმით - თავს ვიტყუებთ ხალხს ვატყუებთ, თუ საერთაშორისო საზოგადოებას, კაკულიამ განაცხადა, რომ თავს ვიტყუებთ.

„პირდაპირ გეტყვით, თავს ვიტყუებთ, იმიტომ, რომ როდესაც ამას საფუძველი ჩაეყარა მე მაშინ სახელმწიფო მოხელე ვიყავი. წინა ხელისუფლების დროს მოხდა. მაშინ ამას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. ქვეყნის მონაცველობას განვითარებული ქვეყნების რიგში და კიდევ მთელი რიგი სიკეთეები მოყვება ხოლმე. ეს ახლა სხვა თემაა. მთელი უბედურება აქ ის არის, რომ როცა შენ არასწორი სურათი გაქვს, არასწორად იგეგმები.

ამ ჩემი განცხადებით არ მინდა რადიკალური განცხადება გავაკეთო, რომ აღმოვაჩინეთ ახალი ამერიკა და აქედან ვიწყებთ ათვლას, მაგრამ მე ვხედავ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ვერ დგამს სწორ ნაბიჯებს, სწორედ ამის გამო. 12% და 13% -იან უმუშევრობაში შეიძლება სულ სხვანაირად მოგვარდეს საქმე. ოპოზიცია ამბობს, რომ დავწიოთ გადასახადები, რადგან ყველაფერს ეშველება, მართლაც, რომ დავწიოთ გადასახადები და 12%-მდე ჩამოვიყვანოთ, თუ უმუშევრობა 40%-მდეა, მაშინ ეს ამას არ უშველის. აქ სახელმწიფოს სულ სხვა ჩარევებია საჭირო.

რაც მოვედი ამ კომიტეტში სულ ვცდილობ, რომ ეს იდეა წავწიო წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივდივართ საბაზრო ეკონომიკით, ღია ეკონომიკით და ა.შ დამატებითი მექანიზმები სახელმწიფოს მიერ, რომელიც ბევრი სოციალურ პროგრამად განიხილავს, ვგრძნობ, რომ ამის გარეშე არ გამოვა არაფერი. ჩვენ გვაბნევს ძალიან თვითდასაქმებულების კრიტერიუმი, იმიტომ რომ შემდეგ არასწორად ვიგეგმებით. არ შეიძლება იყოს დაფარული სეგმენტები. დაფარული სეგმენტები სწორად დაგეგმვის საშაულებას არ გაძლევს და რაც უფრო მალე მივალთ ჩვენ ამ სიმართლესთან, მით უფრო მალე იქნება სწორი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს არის თემა, რომელსაც ზუსტად ესადაგება „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ილუზიაში ყოფნა, რომ ჩვენ გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა! არ არის ეს ასე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

ალექსანდრა ისპირიანი