„ლუფთანზა“ თბილისი-მიუნხენის მიმართულებით 2 სიხშირეს ამატებს

ავიაკომპანია „ლუფთანზამ“ თბილისი-მიუნხენის მიმართულებით კიდევ ორი სიხშირე დაამატა. ჯამში „ლუფთანზა“ კვირაში 9 რეისს შეასრულებს.

სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. „ლუფთანზას“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს - განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან. კერძოდ, „ლუფთანზას“ ყველა მგზავრს საშუალება ექნება, მიუნხენიდან 46 ქვეყნის 140 მიმართულებით გადაადგილდნენ.

„ლუფთანზას“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში შტეფან კროიცფეინტერის თქმით, ეს ერთი მხრივ, გაზრდის კომპანიის შემოსავალს და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების უფრო მეტი რაოდენობით შემოდინებას. შტეფან კროიცფეინტერის პროგნოზით ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადს 14%-ით გაზრდის.

კროიცფეინტერის განცხადებით, საქართველოს ბაზარი მათთვის საინტერესო განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებს შემდეგ გახდა, რადგან, საგრძნობლად გაიზარდა, როგორც საქართველოდან გამავალი, ისე შემომავალი მგზავრთნაკადის რაოდენობა. შტეფან კროიცფეინტერის დაკვირვებით, გასულ წლებთან შედარებით ვითარდება საქართველოს ეკონომიკაც, რის გამოც მათთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ქართულ ბაზარზე ოპერირება.

ცნობისთვის, ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ საქართველოში 2005 წლის 5 ივნისიდან ოპერირებს. კომპანია კი 1953 წელს დაფუძნდა.

ავტორი - ალექსანდრა ისპირიანი