ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 22 მაისს გავრცელებული ინფორმაცია კომპანია AiCar-ის შესახებ არის მცდარი და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
კომპანია AiCar 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა და რეგისტრაციის მონაცემები არის ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. ამდენად, სრული სიცრუეა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს AiCar რუსული კომპანიაა. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას: AiCar მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრომობილებით მომსახურებას, სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
AiCar-ის პარტნიორები და მომწოდებლები არიან ამ სფეროში წარმატებული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორისაა გერმანია, უკრაინა და იაპონია. ამჟამად აპლიკაცია მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაც შეეხება აპლიკაციაში რეგისტრაციისას შეყვანილი პირადი მონაცემების დაცულობას - სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიის სერვერები, სადაც ხდება მომხმარებლების მონაცემთა ბაზების შენახვა, მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. სერვერები იმყოფება 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ და ხელმისაწვდომი არ არის არავითარი მესამე მხარისთვის, მით უფრო - რუსეთისთვის, როგორც ამას ზემოხსენებული მედიასაშუალება აცხადებს.
კომპანია AiCar მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კომპანიის საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
(R)