"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი - საკმაოდ მოკლე ვადაში შესაძლოა, ლარი გამყარდეს

ეს მოკლევადიანი რყევები შესაძლოა მოლოდინებიდან ან რაიმე სახის რისკების აღქმიდან გამომდინარეობდეს, შესაბამისად, საკმაოდ მოკლე ვადაში შესაძლოა, რომ ლარი გამყარდეს,-ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, რთულია გაცვლითი კურსის ცვლილების ზუსტ მიზეზებზე საუბარი, ამასთან "Galt&Taggart"-ის სპეციალისტების ფუნდამენტური ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსი მიმართული უნდა იყოს გამყარებისკენ, დღეს არსებულ კურსთან შედარებით.

„ჩემთვის რთულია იმის თქმა, დღეს ზუსტად რა იწვევს ლარის გაუფასურებას, საგარეო ფაქტორების ნაწილი მიგვითითებს, რომ ცოტა უფრო მყარი უნდა იყოს დღეს ლარი. ეს მოკლევადიანი რყევები შესაძლოა მოლოდინებიდან ან რაიმე სახის რისკების აღქმიდან გამომდინარეობდეს, შესაბამისად, საკმაოდ მოკლე ვადაში შესაძლოა, რომ ლარი გამყარდეს. "Galt&Taggart"-ის პროგნოზი 2.7-ის ფარგლებშია რეგიონში არსებული გაცვლითი კურსებიდან გამომდინარე, ანუ სავაჭრო პარტნიორების კურსები, ქვეყნის დამოკიდებულებიდან გამომდინარე ინფლაციით დაკორექტირებული, მიუთითებს გაცვლით კურსზე 2.7-ის ფარგლებში, ამასთან ერთად, ამ მაჩვენებლიდან 2-3%-იანი გადახრა ჩვეულებრივი მოვლენაა და დამოკიდებულია დოლართან მიმართებაში მოკლევადიან მოთხოვნა-მიწოდებაზე,"-განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.