თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში საფრანგეთის ცენტრალური რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი უმეტესად ორ საკითხს: ტრანსპორტის მართვასა და ნარჩენების მართვას შეეხო. შარტიეს თქმით, ეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო.
„თბილისში ჩამოვედი, რათა შევხვედროდი ჩემს მეგობარ კახას, რომელიც თბილისის მერია. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ძირითადად ვისაუბრეთ ორ საკითხზე, ესენია ტრანსპორტის მართვა და მოდერნიზაცია და აგრეთვე, ნარჩენების მართვა. მერს აღვუთქვი პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით და აგრეთვე, ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით", - განაცხადა შარტიემ.
შეხვედრის შემდეგმ კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხებში ევროპული გამოცდილების გაზიარება და დახმარების მიღება ნაყოფიერი იქნება.
"საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონის ვიცე-პრეზიდენტთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მუნიციპალიტეტის მხრიდან და დაისახა კონკრეტული გეგმები ნარჩენების მართვისა და ტრანსპორტის მართვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა გამოიხატება მათ შორის იმ დახმარებაში, რომელსაც დაგვპირდა ფრანგული მხარე და ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იქნება ევროპული გამოცდილების გაზიარება და ევროპული დახმარების მიღება ამ ორ ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის ტრანსპორტის მართვა და ნარჩენების მართვა", - განაცხადა ბითაძემ.