აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰუავეის“ საკითხი შესაძლოა, აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო გარიგების ნაწილი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანია „ძალიან საშიშია“.
„ჩვენ ამას იმის მიხედვით უნდა შევხედოთ, თუ რა აქვს გაკეთებული უსაფრთხოების, სამხედრო კუთხით, ის ძალიან საშიშია. თუმცა, თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ „ჰუავეი“ შესაძლოა, შეთანხმების ნაწილი გახდეს რაღაც ფორმით“, - განაცხადა ტრამპმა.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ვაშინგტონის სამიზნე „ჰუავეიც“ გახდა, აღნიშნული კომპანია აშშ-მა სავაჭრო ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, „ჰუავეი“ ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის წინაშე აყენებს, ოფიციალური პეკინი კი აღნიშნულ ბრალდებას, აშშ-ის მხრიდან კომპანიის „ბულინგს“ უწოდებს.