საავტომობილო გაზი გაძვირდა

თითქმის ყველა კომპანიაში გაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და 1.10 ლარი შეადგინა, ხოლო "სოკარში" ფასი 98 თეთრიდან 1.09-მდე გაიზარდა.

ფასებზე ცვლილება 3-4 დღის წინ დაიწყო. როგორც მძღოლები აცხადებენ, ფასების ზრდა ცუდად აისახება ყველაზე.

"ისედაც გვიჭირს ბენზინისა თუ გაზის ჩასხმა და მისი გაზრდა არავისთვის იქნება კარგი, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ტაქსის მძღოლებისთვის", - ამბობენ მძღოლები.

კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ფასების მატება საბაზრო პირობებმა განაპირობა.

ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, იმედა დვალიძის თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ მოხდებოდა, ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრების წინაშე აღმოჩნდებოდა.

"ფასების მატება რომ არ მომხდარიყო, ბევრი კომპანია იძულებული გახდებოდა გაჩერებულიყო და გაკოტრდებოდნენ. სხვა გამოსავალი კომპანიებს ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე აღარ ჰქონდათ. ის ზრდა, რომელიც არის მინიმალური, აუცილებელია იმისთვის, რომ კომპანიებმა განაგრძონ არსებობა, დაფარონ მათ წინაშე არსებული ვალდებულებები, ხარჯები. ეს მოქმედება აუცილებელია იმ მინიმალური საჭიროებებისთვის, რაც უკავშირდება ამ გაზგასამართი სადგურების არსებობის შენარჩუნებას. ეს ტარიფი ან არ ტოვებდა მოგების მარჟას ან ტოვებდა მინიმალურს, რომელიც განკუთვნილი იყო, რომ ვალდებულებებისთვის მომსახურება გაეწიათ", - აღნიშნა დვალიძემ.

მისივე თქმით, თვითონ "სოკარმაც" დაასტაბილურა ეს სიტუაცია, რადგან დაუბრუნდა კონკურენტული გარემოს პირობებს.

"გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მდგომარეობა, როდესაც გაზის მთავარმა იმპორტიორმა საქართველოში, კომპანია "სოკარმა" შვილობილი კომპანიების მეშვეობით მნიშვნელოვნად შეამცირა ტარიფი. ამის რესურსი მათ გააჩნდათ. სხვა კომპანიებიც იძულებულები გახდნენ, რომ დაეწიათ ფასი. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ გაზგასამართი სადგურების ოპერირებას, გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ამ ბიზნესის კეთება ძვირი ღირს. უმრავლესობას გააჩნია კრედიტები", - აცხადებს დვალიძე.

ამასთან, სპეციალისტები არ ვარაუდობენ, რომ მომავალში ფასები შესაძლოა გაიზარდოს.

იხილეთ სიუჟეტი: საავტომობილო გაზი გაძვირდა