„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმა. ყველა შესწავლილი ნიმუში შეესაბამებოდა სტანდარტებს, ერთის გარდა. „ბპ ოილ”-ის სახელით მოქმედ ბენზინგასამართ სადგურზე აღებულ „პრემიუმის“ საწვავში დარღვეული იყო ოქტანობის მაჩვენებელი,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც 2014-2018 წლებში საავტომობილო საწვავის ბაზარზე არსებული ტენდენციებს წარადგენენ.
რაც შეეხება საწვავის ფასებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული.
"ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა (2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა).
2013 წლიდან საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 2012 წელს არსებული 7-დან 2018 წლისთვის 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი 93.4%-დან 69.5%-მდე შემცირდა", - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლის მარტში შეისწავლა.