საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 31 000 ლარს აღემატება.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.