3 ქუჩა თბილისში, სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

დედაქალაქში 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროებაზე კომპანია „სისტრას“ კვლევის წინასწარ ინფორმაციაშია საუბარი.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჭავჭავაძის გამზირი და ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩები მოაზრებულია, როგორც პირველი დონის სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დერეფანი.

შეგახსენებთ, რომ მერიამ უკვე დააანონსა ჭავჭავაძის გამზირისა და გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. მათ შორის, მაისის ბოლოს იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

„სისტრას“ მიერ შემოთავაზებული სამარშრუტო სქემის მიხედვით სატრანზიტო ჩქარი ავტობუსების (TBT) დერეფნებს შორის არის ი.ჭავჭავაძის გამზირი, ი.ვეკუასა და ო.ხიზანიშვილის ქუჩები, რომელიც საჭიროებს, აღნიშნული სატრანზიტო ხაზის მოწყობის მიზნით, მთლიანი გამზირის/ქუჩების რესურსის გადანაწილება-დაგეგმვა-მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას. ამასთან, გეგმის თანახმად, აღნიშნულ ქსელს მოემსახურებიან თვრამეტ და ოცდაოთხმეტრიანი ავტობუსები.

ამასთან, აღნიშნულ გამზირსა და ქუჩებზე იგეგმება, ველობილიკებისა და ავტობუსების ზოლების მოწყობაც.

„ჭავჭავაძის გამზირის, ო. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩების ხელახალი დაგეგმვა უნდა მოხდეს ე. წ. ,,სრული ქუჩის“ (complete street) პრინციპით, როდესაც ქუჩის რესურსის გადანაწილება ხდება მდგრადი ტრანსპორტის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლიანად გადაადგილების ყველა სახეობას შორის. ამ პრიორიტეტების შესაბამისად, საჭიროა გაუმჯობესდეს საქვეითო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტი, მათ შორის უსაფრთხო საქვეითო გადასასვლელების გათვალისწინებით. საჭიროა, მოეწყოს უსაფრთხო და კომფორტული ველობილიკი, გამოიყოს ავტობუსის განცალკევებული სამოძრაო ზოლები.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული პრიორიტეტიზაციის გათვალისწინებით, თითოეული გადაადგილებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევა და გადაადგილების სახეობების შორის კონფლიქტისა და უარყოფითი ზეგავლენის მაქსიმალური შემცირება. გადაწყვეტები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა შესაძლო სცენარებს და მათ შეფასებას.

ყველა გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს გამზირზე/ქუჩებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის სამომავლო გაგრძელების შესაძლებლობებს - ველობილიკის და ავტობუსის განცალკევებული ზოლების და სამოძრაო ზოლების გაგრძელებას მიმდებარე ქუჩების/გამზირების მიმართულებით,“-აღნიშნულია გეგმაში.

თაია არდოტელი