ქვეყანაში საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ტრანსფერების ხარჯზე გაიზარდა

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა. 2017 წელს კი ერთ შინამეურნეობაზე - 1, 110 ლარს, ერთ სულზე კი - 317.2 ლარს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 3.4 %-ით გაიზარდა და 83.0% შეადგინა.

ამასთან, შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 760.7 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 426.5 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლად. 2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7%), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4%). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9 %) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9.0 პროცენტი).

ნინი ქეთელაური