აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი წინადადებით გამოდის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ხელოვნურად დაბლა წევენ ეროვნული ვალუტის კურსს, სანქციები დაწესდეს.
მინისტრის პოზიციაა, რომ მიიღონ შესაბამისი კანონი, რომელიც საჯარიმო გადასახადებს ითვალისწინებს იმ ქვეყნების საექსპორტო საქონელზე, ვინც დოლართან მიმართებაში თავისი ეროვნული ვალუტის დევალვაციას ახდენს. მინისტრს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. თუმცა, ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს არაერთხელ უსაყვედურა, რომ ის თავისი საქონლის ექსპორტს ეროვნული ვალუტის დაბალი კურსით ახორციელებს.
ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მიმართულია იმისაკენ, რომ სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ სავალუტო პოლიტიკა ამერიკული კომპანიებისა და მუშახელის საზიანოდ. კანონპროექტში ჩამოთვლილია კრიტერიუმები, რომელთა თანახმად, ვაჭრობის სამინისტრო გადაწყვეტს, რა შემთხვევებში დაწესდეს საჯარიმო გადასახადები.