Klein aber Fein - 27 წლის ქართველი ქალის წარმატებული ბიზნესი გერმანიაში - „დღემდე გვიჭირს, გავაგებინოთ სტუმრებს, რომ საქართველო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი არ არის“

ვთვლი, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა სამუშაო დროა. რთულია ადამიანს გაღიმება და კეთილგანწყობა მოსთხოვო, როცა ცხრა-ათი საათი ფეხზე დგას და მუშაობს - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ია დარჩია, რომელსაც გერმანიის პატარა ქალაქ ფიურტში ასევე პატარა კაფე - Klein aber fein („პატარა, მაგრამ ძვირფასი“ ) აქვს.

ია დარჩია გერმანიაში 2011 წელს საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამით ჩავიდა. რეგენსბურგის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ (ბიზნესის განხრით) ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ თავიდანვე ძალიან უნდოდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. „თან ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ბიზნესს საქართველოსთან რაიმე შეხება უნდა ჰქონოდა“, - ამბობს ია დარჩია.

სურვილი აისრულა და ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის მაისში გერმანიის პატარა ქალაქ ფიურტში მის გერმანელ პარტნიორთან ერთად ქართულ-გერმანული კაფე - Klein aber fein-ი გახსნა.

„რამდენიმე წლის წინ კი სრულიად შემთხვევით ნადინ რეეფელდი გავიცანი, დავმეგობრდით და ერთი წლის წინ ბიზნეს-პარტნიორები გავხდით. ნადინს რეეფელდს კაფე უკვე ჰქონდა და საქართველოზე იყო შეყვარებული, კულტურის, ადამიანების და ადათწესების გამო“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ია დარჩია.

როგორია ბიზნესის კეთება გერმანიაში? რომელი ქართული კერძი მოსწონთ გერმანელებს და რა გამოარჩევს Klein aber fein-ს სხვა კაფეებისგან? ამ საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ია დარჩიას ესაუბრა.

ზოგადად კერძებზე რომ ვისაუბრო, რომელი კერძი მოსწონთ ყველაზე მეტად თქვენს სტუმრებს?

გერმანელებს ყველაზე მეტად ხაჭაპური და ნიგვზიანი ბადრიჯანი მოსწონთ, უყვართ ასევე ქართული ნახევრად მშრალი ღვინო. ყველა აღნიშნავს, რომ ქართულ სამზარეულოში ორიგინალური გემო იგრძნობა და კერძებიც სუნელების გამო ყველასთვის დასამახსოვრებელი ხდება.

ჩვენი კონცეპტის და სახელის "Klein aber fein" (ქართ. „პატარა, მაგრამ ძვირფასი“) მიხედვით პატარა კაფე გვაქვს, ამიტომაც მზარეულები, მიმტანებიც, დამლაგებლებიც და მენეჯერებიც ჩვენ - მე და ნადინი ვართ.

თქვენ როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ სხვა გერმანული თუ არაგერმანულ რესტორნებთან შედარებით?

ფასის მიხედვით, სხვა კაფეებთან შედარებით ერთნაირ საფასო სეგმენტში ვიმყოფებით. თუმცა პროდუქციით და კონცეფციით ძალიან განვსხვავდებით.

რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება ქართველისთვის ევროპაში და როგორ შეადარებდით ბიზნესგარემოს გერმანიასა და საქართველოში?

ბიზნესის კეთება არც ერთ ქვეყანაში მარტივი არ არის, ყველგან არის თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გერმანია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ექსპორტ-იმპორტი ქვეყნებს შორის უფრო ადვილია, აქედან გამომდინარე ფასები და ბაზარიც ამა თუ იმ პროდუქტზეც უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა აქვე უნდა დავძინო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად გაადვილებულია პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში, რაც ჩვენი კაფის განვითარებას და ფუნქციონირებას ხელს უწყობს.

ადგილობრივ ბიზნეს გარემოს რაც შეეხება, ვთვლი, რომ გერმანიაში ცოტა უფრო სერიოზულად ეკიდებიან საქმეს, კომუნიკაცია უფრო ადვილია, უპასუხოდ არავინ დაგტოვებს და საიმედოობა უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საქართველოში. თუმცა ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და მაგ მხრივაც ალბათ, მალე განვითარდებით.

რა იყო ყველაზე დიდი ბარიერი, როცა ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდით?

ყველაზე რთული ის არის, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა ბევრმა არ იცის და აქედან გამომდინარე მის კულტურას არ იცნობენ. დღემდე გვიჭირს, ერთი წლის თავზე, გავაცნოთ და გავაგებინოთ სტუმრებს, რომ საქართველო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი არ არის და დამოუკიდებელი, უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. საბედნიეროდ, ჩვენ მარტო არ ვართ და ბევრი ქართველი გვყავს, ვინც გერმანიაში საქართველოს კარგი კუთხით წარმოჩენას და ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, ასევე წელს ფრანკფურტში გამართულმა წიგნის ბაზრობამაც უდიდესი აგური დადო ამ მიმართულებით.

გადასახადების მხრივ როგორი სიტუაციაა? რთულია აკეთო ბიზნესი და მოგებაზე გახვიდე?

გერმანიაში ბიზნესი უფრო ბევრ გადასახადს იხდის, ვიდრე საქართველოში და ეს განვითარებული ქვეყნისთვის გამართლებულია. საქართველოში კიდევ მცირე ბიზნესს უფრო მეტი ხელშეწყობა ესაჭიროება, რადგან მან მომავალში გადასახადების გადახდა შეძლოს.

დროდადრო საქართველოში ჩამოდიხართ (ალბათ) და იცნობთ აქაურ სარესტორნო ბიზნესს, რა ხარვეზები გვაქვს ამ მიმართულებით გერმანიასთან შედარებით?

ვთვლი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სამუშაო დრო და შემდგომ მისგან გამოწვეული პრობლემებია. რთულია ადამიანს გაღიმება და კეთილგანწყობა მოთხოვო, როცა ცხრა-ათი საათი ფეხზე დგას და მუშაობს. ეს პრობლემა საქართველოში მხოლოდ სარესტორნო ბიზნესში არ დგას, სამწუხაროდ.

და რა გეგმები გაქვთ მომავალში? ხომ არ აპირებთ გაფართოებას?

არ მიყვარს სამომავლო გეგმებზე საუბარი, შედეგებზე ვისაუბროთ მომავალში.