ეკონომიკის სამინისტრო - ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დაცვისკენ და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და მათ შორის, კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება კონკურენტული ბაზარი, მნიშვნელოვნად გაიზრდება მიწოდების უსაფრთხოება, მომხმარებელს კი შესაძლებლობა ექნება, ელექტროენერგია კონკურენტულ ფასად იმ მომწოდებლისგან შეიძინოს, რომელიც მას ყველაზე უკეთეს პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებს.

„გარდა ამისა, რეფორმა შესაძლებლობას მისცემს მთავრობას, განსაზღვროს მომხმარებელთა ის კატეგორია (მცირე ბიზნესი და მოსახლეობა), რომელიც სატარიფო რეგულირებას დაექვემდებარება და მიმართოს იაფი ენერგია, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება რეფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გამიჯვნას, ის მიმართულია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად და ვერც ეს გარემოება გახდება მომსახურების ტარიფის ზრდის გამომწვევი.

გარდა ამისა, რეფორმის შედეგად წარმოქმნილი კომპანიების სიმრავლე არ გამოიწვევს მათი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. ძირითადად, ეს იქნება დღევანდელი ენერგეტიკული კომპანიებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ცალკე იურიდიულ ერთეულებად გარდაიქმნება. არც ეს გარემოება არის მიმართული მომსახურების ტარიფის გაზრდის მიმართულებით. პირიქით, მიწოდების საქმიანობაში კონკურენციის განვითარება აუცილებლად გამოიწვევს მართვის ეფექტურობის ზრდას და ხარჯების ოპტიმიზაციას.

ამდენად, ენერგეტიკული რეფორმა ბაზარზე წარმოშობს კონკურენციას. ის კი, თავის მხრივ, იცავს მომხმარებელს, რომელიც მომსახურებას სხვადასხვა მიმწოდებლისგან და მისთვის ხელსაყრელი პირობებით მიიღებს“, - აცხადებენ სამინისტროში.