ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის 13.4კმ მონაკვეთის (კმ1-კმ14) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის იანვარში დასრულდება. 13.4კმ. საავტომობილო გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია "ბლექსი ჯგუფი" ახორციელებს. სამუშაოებზე დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლეა.

ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რომელიც A ტიპის ალფატს მიეკუთვნება და უფრო მაღალი ხარისხითა და სიმტკიცით ხასიათდება. ეწყობა სტაბილიზირებული ფენა, ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და ავტოპავილიონები. პროექტით გათვალისწინებულია: კიუვეტების, გაბიონების, მონიშვნის, მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზაზე არსებულ 24 მეტრიან ხიდზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მდინარე ბუჟაზე მდებარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.532 ათას ლარს შეადგენს.

"აღნიშნულ გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, 10-მდე სოფლის მოსახლე გადაადგილდებოდა ხრეშოვანი გზით. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება რეგიონის საგზაო-სატრანსპორტო ქსელი, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს 10-მდე სოფლის მოსახლის დაკავშირებას დანარჩენ საქართველოსთან კომფორტული და უსაფრთხო გზით", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.