რუსეთი დაბინძურებულ ნავთობს ბელარუსიდან უკან დაიბრუნებს

რუსეთი დაბინძურებულ ნავთობსადენ „დრუჟბას“ გაწმენდას და მასში დარჩენილი, დაახლოებით 1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის, ბელარუსიდან რუსეთში გატანას გეგმავს. მილსადენის დაბინძურების გამო, პოლონეთი და გერმანია უხარისხო ნავთობს ღებულობენ, რაც იქაურ კომპანიებს პრობლემებს უქმნის. ამიტომ, ისინი დაბინძურებული ნავთობის გადამუშავებაზე უარს ამბობენ.

სულ მილსადენში 5 მილიონ ტონამდე დაბინძურებული ნავთობია ჩარჩენილი, რომელთა გატანას რუსეთი რკინგზის და საზღვაო ტანკერების მეშვეობით გეგმავს, ნავთობის ნაწილს კი ნავთობსაცავ ტერმინალებში დროებით შეინახავენ. მილსადენის ბელარუსის მონაკვეთიდან გასატანი დაბინძურებული ნავთობის მოცულობა 1 მილიონ ტონას აღწევს.

ნავთობსადენ „დრუჟბას“ ჩრდილოური შტოს მეშვეობით, რუსეთს ნედლი ნავთობი გერმანიაში და პოლონეთში გააქვს. სამხრეთული შტოს მეშვეობით კი ნაკადი უკრაინაში, უნგრეთში, სლოვაკეთში და ჩეხეთში შედის. მილსადენის განშტოება მოზირის (ბელარუსი) გადასამუშავებელ საწარმოში ხდება. მილსადენის დაბინძრების გამო, რუსეთი უკვე ერთი თვეა, გერმანიაში და პოლონეთში ამ მილსადენით ნავთობის შეტანას ვერ ახერხებს. სწორედ ჩრდილოური შტოს ბელარუსის მონაკვეთშია ჩარჩენილი 1 მილიონი ტონა ნავთობი. პოლონეთისა და გერმანიის მონაკვეთში არსებული ნავთობის ამოღებას, ადგილობრივი ნავთობ გადამამუშავებელი კომპანიები გეგმავენ.

მილსადენის გარდა, ასევე დაბინძურებულია ბალტიისპირული უსტ-ლუგას პორტის საცავები, საიდანაც რუსეთს ნავთობი ევროპაში გააქვს. ნავთობი ორგანული ქლორიდებით არის დაბინძურებული, რომლებსაც მომპოვებლები ნავთობის ამოქაჩვისას იყენებენ. უსტ-ლუგას პორტი და მილსადენის სლოვაკეთის შტო, ნაწილობრივ უკვე გაწმენდილია და იქიდან დაახლოებით 2 მილიონ ტონამდე დაბინძურებული ნავთობი, რუსეთშია გატანილი.