კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიება ხვალ გაიმართება, სადაც მონაწილეობას დედაქალაქის მერი მიიღებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე პირველ დღეს 1000-მდე, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში, 6,9 ჰექტარზე, ჯამში, 7600 სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დაირგვება, მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, საპნის ხე, ნუში, ჰიმალაის კედარი და ელდარის ფიჭვი.
მათივე ცნობით, გამწვანების სამუშაოების მიზანია, ტყის აღდგენის გზით, ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობა.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მერის მოადგილეები, თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.