1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად 166-მდე მოთამაშე დარეგისტრირდა, შესაბამისად, მათ საფინანსო ბაზარზე ოპერირების დაწყების უფლება უკვე აქვთ.
დარეგისტრირებულებიდან 134 სუბიექტი, ანუ 80,7%-ზე მეტის იურიდიული სტატუსი არის შპს, 31 სუბიექტის სტატუსი არის ინდივიდუალური მეწარმე და მხოლოდ ერთია სააქციო საზოგადოება.
აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებული სუბიექტების 60%-ზე მეტი თბილისზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილამდე სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებული იყო ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებულიყო.
სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეებს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთები ასე გამოიყურება:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი;
რაც შეეხება სალიცენზიო მოსაკრებელის განაკვეთებს, საბანკო საქმიანობის შემთხვევაში ეს 200 000 ლარს შეადგენს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობის შემთხვევაში კი 10 000 ლარს.