„გრეიფი“ ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს - „უცხოეთიდან მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ შეკვეთებს ვერ ავუდივართ“

დაფასოებული თათარის მწარმოებელი კომპანია „გრეიფი“ საწარმოს მშენებელობას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საექსპორტო ბაზარს უკვე საფრანგეთიც დაემატა და პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ არსებული საწარმო შეკვეთებს ვერ აუდის.

მისივე ინფორმაციით, ახალი ქარხანა ნატახტარში, 700 კვ.მ ფართობზე აშენდება და სავარაუდოდ, შემოდგომაზე წარმოებაც დაიწყება.

ქართული დაფასოებული თათარა ამჟამად უკვე გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ-ში, პოლონეთისა და საფრანგეთში იყიდება.

სწორედ უცხოეთიდან დიდი მოთხოვნის გამო, 2018 წელს კომპანია „გრეიფმა “ პროდუქციის რაოდენობის გაზრდის მიზნით, 30%-იანი წილი გაასხვისა და 70 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

როგორც დავით რამაზაშვილი აცხადებს, ახალი ქარხნის ასაშენებლად რეინვესტირებისთვის კომპანამ აქციების ნაწილი ისევ გაასხვისა და ამჟამად უკვე აქციების 50%-ს ადგილობრივი, თუმცა სხვა მფლობელები ჰყავს.

ცნობისთვის, ქართული წარმოების თათარა ბაზარზე 2016 წლის აპრილიდან გამოჩნდა. აქტიური გაყიდვები კი ამავე წლის ივნისიდან დაიწყო. კომპანია აწარმოებს თანამედროვე ფორმის ჩურჩხელას და თათარას, რომელიც სპეციალურ ყალიბებშია ჩამოსხმული და სხვადასხვა ფორმა აქვს მიცემული. ამ ეტაპზე, სულ ხუთი სხვადასხვა სახეობა და შეფუთვაა, თუმცა სპეციალურად აშშ-ის მოთხოვნით, კიდევ ერთი სახეობა - თათარა „ფისტაშკით“ (თხილეულის სახეობა) დაემატა.

„ახალი პროდუქტის, კერძოდ, ტყლაპის დამატება დროებით გადავდეთ, რადგან ექსპორტიორ ქვეყნებში საფრანგეთი დაგვემატა. პირველი შეკვეთა მაისის პირველ კვირაში გაიგზავნა და უკვე მეორე პარტიას ვამზადებთ. ისიც ალბათ, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გავა. ამასთან, აშშ-დანაც უკვე რეგულარული შეკვეთები დაიწყო. თან, საკმაოდ დიდი რაოდენობით. მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ საწარმოს აშენება გვიწევს, რათა გავფართოვდეთ.

ნაკვეთი ვიყიდეთ ნატახტარში და საწარმოს პროექტირებაც დავიწყეთ. თვითონ საწარმო იქნება 700 კვ.მ, გაფართოვების პერსპექტივით“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 15-მდე, ხოლო წლის ბოლომდე, როდესაც საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება, 30-მდე გაიზრდება.

„საწარმოს მშენებლობისთვის ზაფხულის პერიოდს მაქსმიმალურად გამოვიყენებთ და სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსკენ უკვე წარმოებასაც გადავიტანთ.

რაც შეეხება საწარმოს საინვესტიციო ღირებულებას, დაახლოებით, 200 000 დოლარი იქნება. ჩვენ ამისთვის აქციების ნაწილი ისევ გავასხვისეთ. ამჟამად უკვე კომპანიის 50%-ანი წილია ადგილობრივ პარტნიორებზე გასხვისებული.“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

როგორც კომპანია „გრეიფის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანია 5 ტონამდე პროდუქტს აწარმოებს, რომლის 20% ადგილობრივ, 80% კი უცხოეთის ბაზარზე იყიდება.

„ამ ეტაპზე საფრანგეთში უკვე გადის თვეში 1-1,5 ტონა პროდუქტი, მაგრამ მოთხოვნა იმდენად მზარდია, არ არის გამორიცხული, რომ ეს რაოდენობა გაორმაგდეს. რაც შეეხება აშშ-ს, ყოველთვიური შეკვეთა 3 ტონას შეადგენს და ესეც გაიზრდება.

ამჟამად სულ 5 ტონამდე პროდუქტს ვაწარმოებთ. საწარმო, სადაც ახლა ვართ, მეტს ვერ იტევს. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით გავფართოვდეთ“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

ნინი ქეთელაური