„საფრანგეთის მხარის ფინანსური კონტრიბუცია მესაქონლეობის, ხორბლის წარმოების და კოოპერაციული მეურნეობების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ჟერომ შარტიესთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მენიესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის დარგობრივი განათლების და კვების მრეწველობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ჟერომ შარტიეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე გაამახვილა.
„საფრანგეთს მდიდარი ეკონომიკა აქვს, თუმცა, საქართველო მდიდარია წარმატების მიღწევის პოტენციალის მქონე ადამიანებით. ჩვენი დიდი სურვილია, აგრარული დარგის განვითარებით საქართველოს დავეხმაროთ უკეთესი ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა ჟერომ შარტიემ.
ჟერომ შარტიემ დაადასტურა ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის საკითხი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.