ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ იმოძრავებენ, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, დასრულდა სარკინიგზო საწყობის პროექტირება და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები.
"სარკინიგზო საწყობის მშენებლობა დაწყებულია. ეს არის საჩხერის მხრიდან ჭიათურაში შესასვლელი მონაკვეთი ე.წ.ნოფის ტერიტორიაზე ასე რომ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანები ქალაქის ტერიტორიაზე აღარ გადაადგილდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც კომპანიის გაფიცული თანამშრომლები, ასევე რიგითი ჭიათურელები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ აჟღერებენ მოთხოვნას, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ პირველივე დღეს, როდესაც გაფიცვა დაიწყო, მათ ჩვენ განვუმარტეთ, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ქალაქის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, არის ქალაქის დასუფთავებაში ჩვენი კომპანიის აქტიური ჩართულობა. მერიას დავეხმარებით ტექნიკურ აღჭურვაშიც და ამ პროცესში „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღიურად მიიღებს მონაწილეობას. მე მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს ქალაქი, უახლოეს მომავალში, იქნება სუფთა. რაც შეეხება მიმდინარე აქციას - გაფიცულ მაღაროელებს ჩვენ კვლავ ვთავაზობთ საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და პროცესის დიალოგის რეჟიმში წარმართვას, თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მათი მხრიდან მზაობა არ არის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.