საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება. მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.
ამასთან, აღსანიშნავია კამპანია „მკითხე მოამბე“, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „ფეისბუქ“ გვერდის და მოწვეული სტუმრების საშუალებით ყვება იმ ადამიანებზე, ვისი სახელობის ქუჩებიც თბილისში არსებობს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია 17:10 საათზე, რომელიც ჰიმნის ერთობლივი შესრულებით აღინიშნება. ჰიმნი „თავისუფლება“ საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე, მატარებლებში და ავტობუსებში გაიჟღერებს.
წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად, 26 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება - უფლისციხეში, ანანურში, გრემში, ზუგდიდსა და მრავალძალში.
„მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით. თბილისსა და რეგიონებში - 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
26 მაისის ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დააგვირგვინებს კონცერტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მერიის ერთობლივი ძალისხმევით იმართება. სცენა პროექტ „რანინას“ ფინალს დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის ჩართულობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.
26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
25-26 მაისს ფესტივალი იგეგმება სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის სამ სხვადასხვა ადგილას - მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში.