მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საზოგადოება მხოლოდ იმას ხედავს, თუ როგორ შოულობენ ფულს ბანკები მოქალაქეების ხარჯზე

ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის დასაკრედიტებლად კომერციულ ბანკებს 129 მილიონი ლარი უკვე ასესხა. ქვეყნის შიდა ვალს ეს თანხაც დაემატა, რომლის მომსახურებაზეც სახელმწიფო ბიუჯეტი 7-11%-ს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალის მომსახურება გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ხდება, არ არსებობს ინფორმაცია, ახალი ტიპის ვალით რა სახის პროექტები დაფინანსდა და კონკრეტულად, რა სარგებელი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ.

13 აგვისტოს ეკონომიკის გრძელვადიანი დაკრედიტების მიზნით, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს მიერ ემისირებულ 50 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციას გაყიდის. ”რეზონანსი” უკვე წერდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის განმავლობაში 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისია დაგეგმა. ამ თანხიდან 310 მილიონი ლარით ძველი ვალდებულებები იფარება. დარჩენილი 600 მილიონი ლარით კი ახალ შიდა ვალს ვიღებთ. აქედან 400 მილიონი ლარი მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსებას. 200 მილიონი ლარი კი მიიმართება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის.

კერძოდ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შემუშავდა თანხის კომერციულ ბანკებში განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სახაზინო ობლიგაციების გაყიდვით შემოსული 200 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით განთავსდება იმავე კომერციულ ბანკებში, რომლებიც შეიძენენ ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებს; ანუ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან მიღებულ ძვირიან სესხს ისევ კომერციულ ბანკებს აძლევს 1%-ად. ამ შემთხვევაში მოგებულია კომერციული ბანკი, მაგრამ რა სარგებელს იღებს შიდა ვალის 200 მილიონი ლარით გაზრდით ქვეყნის ეკონომიკა, უცნობია, ვინაიდან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ამ თანხის მოძრაობა.

”რეზონანსს” ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, რომ სამინისტრო აღნიშნული თანხის ზედამხედველობას არ ახორციელებს, თუმცა მას აქვს დეტალური ინფორმაცია, თუ რა სახის პროექტები დააფინანსეს კომერციულმა ბანკებმა ამ ფულით.

რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არის ორი კერძო პირის ურთიერთობა და ფინანსთა სამინისტროს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ურთიერთობა საჯარო გახადოს. ”ინფორმაციის გასაჯაროება ბანკისა და მსესხებელის გადასაწყვეტია”, - აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროში.

ამ დროისთვის, ”საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის მექანიზიმის ფარგლებში 44 მილიონი ლარის 2-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისია 12 თებერვალს განხორციელდა. გაურკვეველია, ეს ფული რომელ ბანკში მოხვდა და რა ტიპის პროექტს მოხმარდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტმა ამ ფინანსურ რესურსში 7% უნდა გადაიხადოს. მორიგი ემისია 5 მარტს შედგა - 44 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაცია, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 10%-ს გადააჭარბა.

მეორე კვარტალში ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკის დაკრედიტების მიზნით სახაზინო ობლიგაციები აღარ გაუყიდია. მესამე კვარტალში კი მორიგი ემისია 16 ივლისს განხორციელდა, გამოვიდა 41 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი 9,5%-ია.

13 აგვისტოს კი ფინანსთა სამინისტრო 50 მილიონი ლარის 2-წლიან ობლიგაციას გამოუშვებს და განსაზღვრული 200 მილიონიდან ბანკები 180 მილიონი ლარს აითვისებენ.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკებზე კონტროლი ვერ განხორციელდება, თუმცა ეკონომიკური პირობები ამ თანხების სხვაგვარად განკარგვას პრაქტიკულად გამორიცხავს. მინისტრის ინფორმაციით, ბანკები ნამდვილად გასცემენ გრძელვადიან კრედიტებს და მათთან სამინისტროს აქვს კომუნიკაცია. ”თუმცა ეს არ არის კონტროლი. ეს არის თანამშრომლობა”,- განაცხადა ხადურმა.

”ლიბერთი ბანკმა” ”კომერსანტ.გე”-სთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდეს.

”აღნიშნული რესურსი გადანაწილდა რამდენიმე სექტორზე და მოიცვა მეცხოველეობა, ხორცპროდუქტების წარმოება, სასურსათო მაღაზიების ქსელის განვითარება, მარცვლეული კულტურების მოყვანა და საოჯხაო სასტუმროების განვითარება. აღნიშნული სესხები არის დენომინირებული ლარში, გრძელვადიანია და მათი მინიმალური ვადა 5 წელს შეადგენს”,- განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

მსგავსი განცხადება გააკეთეს ”საქართველოს ბანკში”. კერძოდ, ბანკს დაწყებული აქვს დაკრედიტება თითქმის ყველა მიმართულებით, როგორც საცალო საბანკო ასევე ბიზნეს სესხების კუთხით.

სპეციალისტების განმარტებით, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ვისი ფულია, ეს უკვე არის შიდა ვალი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ვალის მომსახურებასაც ბიუჯეტი აფინანსებს, შესაბამისად, თითოეული ტრანზაქცია გამჭვირვალე უნდა იყოს.

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა იყოს საჯარო, ტრანსფარენტული და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს თანხა ადეკვატურად იხარჯება.

”მიდის ბრძოლა ბიუჯეტის ცალკეული მუხლების დამტკიცებამდე, რომელ სამინისტროს რა თანხები გამოეყოს, რისი დაფინანსება მოხდეს. კომერციული საიდუმლოება შეიძლება იყოს თავად ბანკის კონკრეტული პროდუქტი, ფორმა, რომლის საშუალებითაც თავის კლიენტებზე გადის ან როგორ იზიდავს ფინანსურ სახსრებს.

რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების თუნდაც ირიბად გამოყენებას, ამ შემთხვევაში პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. უკვე გვეცოდინება, თუ რომელი ბანკი აღმოჩნდა უპირატეს მდგომარეობაში, ვთქვათ, რატომ მაინცდამაინც ეს ბანკი და არა სხვა. როგორც ჩანს, გაუმჭირვალე პროცესით ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდებას აპირებენ. ეს არასწორი პოლიტიკაა”,- აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტის მიხეილ თოქმაზაშვილის აზრით, ბუნებრივია, გადასახადის გადამხდელს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. ფინანსთა სამინისტრომ ბანკებში დეპოზიტის სახით ისევ ამ ბანკებისგან აღებული სესხი განათავსა, ანუ ეს გადასახადის გადამხდელის თანხა არ არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომერციული ბანკებიდან აღებული სესხის პროცენტს, სწორედ გადასახადის გადამხდელი იხდის. საბიუჯეტო თანხების კომერციულ ბანკებში განთავსებას ორმაგი ინტერესი აქვს - სახელმწიფო ბანკებს ეხმარება და ბანკების მეშვეობით კი კერძო ბიზნესი დაფინანსდება.

”მე არ მაქვს ინფორმცაია, როგორ გამოიყურება ეს თანხა, ბანკების მიერ გაცემული სესხები კომერციული საიდუმლოებაა. ამაზე ხმამაღლა საუბარი მხოლოდ ბანკის წარმომადგენლებს შეუძლიათ”, - ამბობს თოქმაზიშვილი.

ასე რომ, მე-4 კვარტალში ფინანსთა სამინისტრო ბანკებისგან კიდევ 20 მილიონ ლარს 7-11%-ად ისესხებს, შემდეგ ამ ფულს ისევ ამ ბანკებს 1%-ად მიასესხებს, საზოგადოება კი დაინახავს მხოლოდ იმას - როგორ შოულობენ ფულს ბანკები მოქალაქეების ხარჯზე.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”