ხვალ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს მოუსმენენ

ხვალ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენა ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვასთან დაკავშირებით შედგება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ჭიათურაში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი და კომიტეტი ვალდებულია, ჩაერთოს.

ჭიათურაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომიტეტის ხვალინდელი სხდომა, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში წარიმართება. კაკულიას თქმით, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებელია მასში საფუძვლიანად გარკვევა, ხოლო ღია სხდომის შემთხვევაში, დეპუტატთა ნაწილი პოპულისტური განცხადებების გამო, ამის შესაძლებლობას არ მისცემს.

„ვფიქრობ, საკმაოდ რთული სიტუაციაა და კომიტეტი ვალდებულიც არის, ჩაერთოს. პირველად მინდა შევხვდე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს. ვგეგმავ, რომ ხვალ, 10:00 საათისთვის შედგეს მოსმენა. ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ერთ მხარეს მოვუსმინოთ. მერე მყისიერად შეგვიძლია სხვანაირი ჩართულობის გადაწყვეტილებაც მივიღოთ. რეაქციის გარეშე ამის დატოვება აღარ შეიძლება. უნდა მივიღოთ ინფორმაცია, რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნები, რამდენად გადაწყვეტადია, სახელმწიფოს როლი რა არის ამ ყველაფერში - ყველა შეკითხვა ლეგიტიმურია და პასუხები უნდა არსებობდეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.