„12 ინსპექტირებაჩაბარებული სატრანსპორტო საშუალებიდან 5-მა გამონაბოლქვის ტესტის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა"

ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე ძირეული გამოწვევა გამოიკვეთა, რომლებიც დროულ ქმედებას საჭიროებს.

„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლი. ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, მაშინ, როცა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ევროკავშირი 9 კომპონენტზე ამოწმებს გამონაბოლქვს.

სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების ვადებს შორის კონტროლი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც ადასტურებს მომხმარებლების მიერ სხვადასხვა არაპირდაპირი გზით, როგორიცაა ავტონაწილების თხოვნა-ქირაობა და ხარისხიანი საწვავის მხოლოდ ინსპექტირების გავლის პერიოდში მოხმარება.

ამას ადასტურებს ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, პტი ცენტრის “ავტოტესტ გეორგია“ და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით 2019 წლის 11 მაისს განხორციელებული აქციის შედეგებიც, სადაც სატესტო გზისპირა ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 12 ინსპექტირებაჩაბარებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელთაგან 5-მა ვერ დააკმაყოფილა გამონაბოლქვის ტესტის კანონით დადგენილი მოთხოვნები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.