აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლის ახალ რეგულაციებზე საქართველოს შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ევრო 4" სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ აზერბაიჯანის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება განცხადებაში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახალი რეგულაციები 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ევრო 4 სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.

"მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, ევრო 4 სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას ევრო 4-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.