„საქართველოს რკინიგზა“ ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომლის დაშავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, უბედური შემთხვევა მოხდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ.

მათი ინფორმაციით, დაშავებულებს გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ერთად მიმდინარეობს გამოძიებასთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც დადგინდება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.