საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი მაისისათვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14.1 მლნ ლარით, ანუ 0.1%ით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 %-ით ნაკლები).
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 34.3 მლნ ლარით, ანუ 0.3 %-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 48.5 მლნ ლარით, ანუ 0.4%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით). არსებული მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 38.27% შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 %-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.21 პროცენტული პუნქტით).
რაც შეეხება, ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამ მაჩვენებელმა 5.5% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.3 %, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 %, ხოლო ევროს წილმა 14.1% შეადგინა.