უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა  9.3%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის ივლისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 49 081 ერთეული შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის ივლისი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის ივლისთან (32 485 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 51.1%-ით, 2011 წლის ივლისთან (39 581 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 24.0%-ით, 2012 წლის ივლისთან (44 461 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.4%-ით და 2013 წლის ივლისთან (44 888 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.3%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (17.0%-ით), ისე მეორადი (4.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

2014 წლის ივლისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 1.167 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.067). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (28.1%-ით), ისე მეორადი (5.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის ივლისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 10 127, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 38 954 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად 0.915 და 1.256 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2014 წლის ივლისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 79.4%-ს მეორადი, ხოლო 20.6%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის ივლისში კი - შესაბამისად 82.4% და 17.6%).